ისრაელი საზღვრებს ნაწილობრივ ხსნის

უპრეცედენტო ჩაკეტვისა და შეზღუდვების შემდეგ, რომელიც თითქმის 6 კვირა გრძელდებოდა, ისრაელი საზღვრების ნაწილობრივ გახსნასა და რეგულაციების შემსუბუქებას იწყებს.

ნაწილობრივ იხსნება ისრაელის ცა, რაც უცხო ქვეყნებში ჩარჩენილ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისა და 23 მარტისთვის დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

7 მარტიდან ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტი ყოველდღიურად 1000 მგზავრს მიიღებს. ერთ კვირაში ეს რიცხვი 3000-მდე გაიზრდება.

ფრენამდე და ფრენის შემდეგ ნებისმიერი მგზავრის ტესტირება სავადებულოა. მათ ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული, 2 კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს, რომლის დაცვაც სპეციალური ელექტროსამაჯურით გაკონტროლდება.

აცრილი მოქალაქეების მისაღებად აეროპორტებში ცალკე პუნქტები იარსებებს, აუცრელ მოქალაქეებს კი ქვეყანაში შესასვლელად, ან გასასვლელად, სპეციალური ნებართვის მოპოვება დასჭირდებათ.