იტალიაში ორშაბათიდან რესტორნები და ტანსაცმლის მაღაზიები გაიხსნება

იტალიაში, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 18 მაისიდან გაიხსნება საცალო მაღაზიები, მათ შორის, ტანსაცმელის მაღაზიებიც, თავის მოვლასთან დაკავშირებული ყველა დაწესებულება: ესთეტიკური ცენტრები, სილამაზის სალონები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

გაიხსნება, ასევე, რესტორნები, ბარები, პიცერიები, საკონდიტრო ნაწარმის მაღაზიები და სანაყინეები.

პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, 25 მაისიდან სპორტული დარბაზებიც გაიხსნება.

იტალიაში თეატრები და კინოთეატრები მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებენ. 

3 ივნისიდან სავარაუდოდ, მოიხსნება ქვეყანაში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები და გაიხსნება ქვეყნის საზღვრები. ამასთან, იტალიაში შესვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია ან აღარ ფიქსირდება.