ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობამ, ევროპაში 1 მილიონს გადააჭარბა. მისივე თქმით სიტუაცია კვლავ მძიმეა და რეგიონში ყოველკვირეულად 1,6 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Thestar ავრცელებს.

დოქტორ ჰანს კლაუგის განცხადება მიზნად ისახავდა იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ ევროპამ უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლოს სოციალური დისტანცირება და დააჩქაროს ვაქცინაციის პროცესი.

კლაუგეს განცხადებით, ვაქცინაცია ეფექტური საშუალებაა და პროცესის დაწყების შემდეგ უკვე შეინიშნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ვარდნა 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის, რომლებიც, როგორც წესი, ვაქცინას პრიორიტეტულად იღებენ. 

მისივე თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა ეფექტურია და არ არსებობს ეჭვი იმისა, რომ ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

”ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ეფექტურია”, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც ჰანს კლაუგემ აღნიშნა, იმ ადამიანებში ვინც კორონავირუსითაა ინფიცირებული, გაცილებით მაღალია თრომბოზული გართულებების შანსი, ვიდრე ვაქცინის მიღების შემდეგ.