ჯანმო: COVID-19-ის პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ძალიან ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა აღინიშნება. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Aljazeera წერს.

ჯანმო-ს ცნობით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სამხრეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ამ კვირაში, ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"COVID-19-ის პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში”, - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვე განსაკუთრებით რთული იქნება და ზოგიერთი ქვეყანა კი საფრთხის წინაშეა.

ჯანმო-ს გაფრთხილებით, გრიპის სეზონის პერიოდში, ზამთრის თვეებში, COVID-19-ს განსაკუთრებულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაავადება სუნთქვის დაავადებებს იწვევს.

"ლიდერებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი სიკვდილიანობა", - აღნიშნა გებრეისუსმა.