ჯანმო-მ კიდევ ერთი ახალი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის ვაქცინა დაამტკიცა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინდური ვაქცინის დამტკიცება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის დაჩქარებას დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. Novavax ჯანმო-ს COVAX პლატფორმას ვაქცინის 1,1 მილიარდზე მეტი დოზით მოამარაგებს.

ამასთან, Novavax-ის ვაქცინა ამჟამად ევროპის მარეგულირებლის შემოწმებას გადის. სავარაუდოდ ვაქცინას უახლოეს დღეებში "ევროპის წამლის სააგენტოც" დაამტკიცებს.

2021 წლის ივნისში კომპანიამ Novavax განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ კლინიკურ კვლევებში 90-პროცენტიან ეფექტურობას მიაღწია. გარდა ამისა, მწარმოებლის თქმით, Nuvaxovid ასევე ვირუსის მუტაციებისა და COVID-19 დაავადების გართულებებისგან იცავს.