ჯეიმს კამერონმა "ავატარი 2"-ის გადაღებები დაასრულა - VIDEO

კანადელმა რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა განაცხადა, რომ "ავატარი 2"-ის გადაღებები დასრულდა. მისივე თქმით, მესამე ნაწილზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა.

"ავატარი 2" მზად არის, ხოლო "ავატარ 3"-ზე მუშაობა 95%-ით დავასრულეთ", - განაცხადა კინორეჟისორმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსით გამოწვეული მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის გამო, გუნდმა ფილმზე მუშაობის პერიოდში სულ მცირე 4 თვე დაკარგა, ამიტომ "ავატარი 2-ის" პრემიერა 2022 წლამდე გადაიდო.

კამერონმა მსახიობ არნოლდ შვარცენეგერთან ონლაინ შეხვედრა გამართა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

"ეს არ ნიშნავს, რომ მე მაქვს დამატებით ერთი წელი ფილმის დასასრულებლად, რადგან იმ დღეს, როდესაც "ავატარი 2" გამოვა, ჩვენ "ავატარ 3"-ის დასრულებაზე დავიწყებთ მუშაობას ", - თქვა რეჟისორმა.

პროდიუსერმა, ჯონ ლანდაუმ გამოაქვეყნა "ავატარი 2-ის" სამუშაოების დროს გადაღებული სურათები, სადაც მსახიობი სიგურნი უივერი წყალქვეშა გადაღებებში მონაწილეობს.