Johnson & Johnson-მა COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობა შეაჩერა

ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დროებით შეაჩერა. მიზეზად კვლევის მონაწილის უცნობი დაავადება სახელდება.

"ჩვენ COVID-19-ის ვაქცინაში მონაწილე ყველა კანდიდატის კლინიკური კვლევა, მე-3 ფაზის ჩათვლით, კვლევის მონაწილის აუხსნელი დაავადების გამო დროებით შევაჩერეთ", - ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანის დაავადების შესწავლა მიმდინარეობს.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ კვლევას და განსაკუთრებით მასშტაბურ კვლევას თან ახლავს მრავალი სირთულე, როგორიცაა დაავადებები, უბედური შემთხვევები და სხვა.

Johnson & Johnson-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებისთანავე ისინი მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს Johnson & Johnson-მა COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი დაიწყო. კვლევის ახალ ფაზაში 60 ათასამდე მოხალისე მონაწილეობს, როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

Johnson & Johnson არ არის პირველი კომპანია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა შეაჩერა, ცოტა ხნის წინ კომპანია AstraZeneca-ში განაცხადეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევები შეჩერდა. მიზეზად ასევე კვლევის მონაწილის აუხსნელი დაავადება დასახელდა.