კანდინსკის ნახატი ლონდონში აუქციონზე გაიყიდება

რუსი მხატვრის, ვასილი კანდინსკის ნახატი Tensions calmees 29 ივნისს ლონდონში სოთბის აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ Barrons წერს.

ექსპერტებმა მე-20 საუკუნის რუსი მხატვრის ნამუშევარი 25-35 მილიონ დოლარად შეაფასეს, აღნიშნულია, რომ ნახატი გაყიდვამდე მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება. მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ნიუ-იორკში, დუბაიში, ჰონგ-კონგში, ტაივანში და ლონდონში.

ნახატი შეიქმნა 1937 წელს, რის შემდეგაც იგი შეიძინა მხატვრის მეგობარმა, ამერიკელმა ქველმოქმედმა სოლომონ გუგენჰაიმმა. საერთო ჯამში, ნიუ-იორკის გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექცია მოიცავს კანდინსკის დაახლოებით 150 ნამუშევარს.

"ნახატი სავსეა მუსიკალური და პოეტური მგრძნობიარობით, რაც ასე ახასიათებს კანდინსკის შემოქმედებას", - განაცხადა აუქციონის ხელმძღვანელმა.

ვასილი კანდინსკი იყო სახვითი ხელოვნების თეორეტიკოსი და იდგა აბსტრაქციონიზმის სათავეებში. იგი ასევე იყო ჯგუფის Blue Rider-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.