ქარბუქმა მადრიდი 1,4 მილიარდი ევროთი დააზარალა

მადრიდის მერიამ ქარბუქით მიყენებული ზარალი 1,4 მილიარდი ევროთი შეაფასა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ განაცხადა.

"ამ მომენტისთვის ჩვენ დავითვალეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზარალმა 1,398 მილიარდი ევრო შეადგინა. აქ შედის ეკონომიკური საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და ქონების ზიანი", - განაცხადა მერმა.

ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა ესპანეთის ხელისუფლებას სთხოვს, მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადოს.

მისი თქმით, ეს ციფრი ჯერ საბოლოო არაა და მუნიციპალური სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.