ქარვაში იპოვეს ობობა, რომელიც 99 მილიონი წლის წინ ნაშიერების გადარჩენისას მოკვდა

ჩინელმა მეცნიერებმა ქარვის 4 ნაწილი შეისწავლეს, რომლებიც მიანმარის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ-ერთ მაღაროში აღმოაჩინეს. შიგნით უძველესი ობობები იპოვეს. ქვები დაახლოებით 98,8 მილიონი წლისაა. ინფორმაციას გამოცემა Proceedings of the Royal Society ავრცელებს.

ერთ-ერთ ქარვაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძუ, რომელიც ტანით კვერცხების ტომარას გადაეფარა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ეს ობობა გადაშენებულ Lagonomegopidae-ს ჯიშს მიეკუთვნება.

მეცნიერების თქმით, მდგომარეობა, რომელშიც ობობა იმყოფებოდა, როდესაც მას ფისის წვეთები დაეცა, მეტყველებს, რომ ის იმ მომენტში საკუთარი კვერცხების დაცვასა და გადარჩენას ცდილობდა.