ხელოვნების გამოფენა Frieze 2022 წელს სეულში გაიმართება

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის Frieze-ის ორგანიზატორების თქმით, გამოფენა სამხრეთ კორეაში, სეულში გაიმართება. ამის შესახებ The Art Newspaper წერს.

Frieze-ის გამოფენა 2022 წლის სექტემბერში კორეის გალერეის ასოციაციის მხარდაჭერით, COEX საგამოფენო ცენტრში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასამდე გალერეა მთელი მსოფლიოდან. ზუსტი სია ჯერ არ არის წარმოდგენილი.

"სეული იქნება Frieze-ის ახალი სახლი თავისი გამორჩეული მხატვრებით, გალერეებით, მუზეუმებით და კოლექციებით. ჩვენ პატივი გვაქვს, ვითანამშრომლოთ კორეის გალერეის ასოციაციასთან", - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Frieze ამჟამად ლონდონში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში იმართება.