ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ხორვატიის სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს. 22 დეკემბერს გამართულ პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, 26,65% მიიღო ხოლო ოპოზიციის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის კანდიდატმა, ზორან მილანოვიჩმა - 29,55%.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი მხარს დასავლეთ ევროპასთან და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავებას უჭერს. მილანოვიჩი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგია, მის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ფასიან, თუმცა ხელმისაწვდომ ჯანდაცვას უჭირავს. გარდა ამისა, „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში კორუფციასთან ბრძოლასა და ევროზე გადასვლას გეგმავს.

გრაბარ-კიტაროვიჩი მოსახლეობას სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და უმუშევრობასთან ბრძოლას ჰპირდება, მოქმედი პრეზიდენტი ხორვატიის სამხედრო ბიუჯეტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას უჭერს მხარს .

ხორვატიაში 6 500 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 19:00 დასრულდება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება სამი მილიონ 850 ათას მოქალაქეს აქვს.

მეორე ტურის წინ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა მკაფიო ფავორიტი ვერ გამოავლინა. ხორვატიის პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ, ამ თანამდებობის დაკავება ერთსა და იმავე ადამიანს მხოლოდ ორი ვადით შეუძლია.