ხვალ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეუთო-ს მინსკის ჯგუფი თანათავმჯდომარეებსა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს, ანჯეი კასპრშიკს შეხვდა. შეხვედრა ვიდეოკავშირით გაიმართა.

შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფონზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის პროგრესის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენლის შუამავლობით 21 აპრილს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.