კიევში ბანკზე თავდამსხმელს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - PHOTO - VIDEO - განახლებულია

მამაკაცს, რომელიც კიევის ცენტრში აფეთქებით იმუქრებოდა, თავისუფლების 12 წლით აღკვეთა ემუქრება. მას ტერაქტის მცდელობასთან ერთად შესაძლოა ხალხის მძევლად აყვანა წაუყენონ ბრალად. განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ გააკეთა.

გერაშჩენკოს თქმით, თავდამსხმელს 2 თვიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ, რის შემდეგაც მას ტერაქტის მცდელობაში - იმიტაციაში წაუყენებენ ბრალს. გარდა ამისა, თუ დადგინდა, რომ თავდასხმის მომენტში ბანკის თანამშრომელი შენობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა, მას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება. მთლიანობაში, ბანკზე თავდამსხმელს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

----

16.34

კიევის ცენტრში ბანკზე თავდამსხმელის დაკავების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მამაკაცი, რომელიც ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს, მანქანაში ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის  ანტონ გერაშჩენკოს თქმით, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

ტერორიზმის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მედიასთან კონტაქტს და პირდაპირ ეთერს ითხოვდა. სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ის იმ მომენტში აიყვანეს, როდესაც ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული უზბეკეთის მოქალაქე სუჰრობ ქარიმოვია, რომელიც 5 წელია უკრაინაში ცხოვრობს და რეზიდენტია.

თვითმხილველთა ინფორმაციით თავდამსხმელი 40 ათას გრივნას ( 1440$) ითხოვდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. 

თავდამსხმელი კიევის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბიზნეს-ცენტრში დღეს დილით ბანკში შეიჭრა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა.  

მედიასაშუალებებში ბოროტმოქმედის ბანკის თანამშრომლებზე თავდასხმის კადრები გავრცელდა.