ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ბენჯამინ ლისტი და დევიდ ვ. მაკმილანი გახდნენ.

„ქიმიაში 2021 წლის ნობელის პრემია ბენჯამინ ლისტსა და დევიდ ვ. მაკმილანს გადაეცა „ასიმეტრიული ორგანოკატალიზის განვითარებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარასკევს, 8 ოქტომბერს კი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაირკვევა, ვინ მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ნობელის პრემიები გაიცემა იმ ქვეყნებში, სადაც ლაურეატები არიან და არა სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე.

სტოქჰოლმში ცერემონია მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაიმართება.

ნობელის პრემიის ლაურეატები 4-დან 11 ოქტომბრამდე გამოცხადდებიან, ჯილდოების გადაცემა კი 10 დეკემბერს, ნობელის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს იმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.