კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გამხდარიყო

კალათბურთელ კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, შესაძლოა, ძლიერი ნისლი გამხდარიყო. ამის შესახებ გაზეთი Los Angeles Times წერს.

ლოს-ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ ამინდი ფრენებისთვის დასაშვებ ნორმებს არ შეესაბამებოდა.

"ნისლი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენს ვერტმფრენებს არ ეფრინათ", - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯოშ რუნებშტეინმა.

ანალოგიურ მოსაზრებას ემხრობა კობი ბრაიანტის ყოფილი პილოტი კურტ დიტციც. მისი თქმით, ამინდი ფრენებისთვის სრულიად შეუსაბამო იყო. 

მეტეოროლოგიური პირობების გარდა გამომძიებლები კიდევ ორ ვერსიაზე მუშაობენ: ძრავის მწყობრიდან გამოსვლა და სხვა ტექნიკური პრობლემა.

კომპანია Sikorsky Aircraft, რომელიც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს აშენებს, აცხადებს, რომ S-76B-ს კატასტროფის გამოძიებაში მონაწილებას მიიღებს. 

NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფისას, ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაიცვალა მისი 13-წლის ქალიშვილი ჯიანაც, რომელიც ინციდენტის დროს ბორტზე იმყოფებოდა.