კოლექტიური იმუნიტეტი კოვიდს საბოლოოდ ვერ ამარცხებს - ფაუჩი - VIDEO

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მთავარმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კოვიდ-19 საბოლოოდ მასობრივი ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი არ გაქრება. თუმცა, მისი თქმით, რაც მეტი ადამიანი ჩაიტარებს აცრას, მით ნაკლები იქნება ახალი ინფიცირების შემთხვევები. მასობრივი ვაქცინაცია და ,,კოლექტიური იმუნიტეტი’’ ვერ გახდება კორონავირუსის საბოლოოდ მოსპობის გარანტია - მიიჩნევს ფაუჩი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის აზრით, "კოლექტიური იმუნიტეტი" აბსტრაქტული ცნებაა. არ არსებობს ზუსტი კრიტერიუმები იმის დასადგენად,  ამა თუ იმ ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას. მან ასევე აღნიშნა, რომ 100%-იან დაცვის გარანტიას ვერც ერთი ვაქცინა ვერ იძლევა. კორონავირუსით, შესაძლოა, აცრილი ადამიანიც დაინფიცირდეს.

,,მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ბოლომდე გაქრობა შეუძლებელია, მასობრივი ვაქცინაციით ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ ინფიცირების რისკებს’’--აღნიშნა ფაუჩიმ და მაგალითისათვის გრიპის ვირუსის ვაქცინა მოიყვანა, რომლის მეშვეობითაც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ყოველდღიურად 40-60%-ით მცირდება.

კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში, მსოფლიო ნორმალური ცხოვრების რიტმს მხოლოდ თანდათანობით დაუბრუნდება და ,,ეს ვერ იქნება შუქის ანთება-ჩაქრობასავით მყისიერი პროცესი’’,- განაცხადა ფაუჩიმ.