კონგოში შეტაკებას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფის შეტაკების დროს, 10 ადამიანი გარდაიცალა და 34 დაიჭრა. სისხლისღვრა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გომაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გაეროს MONUSCO-ს სამშვიდობო მისიის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ზოგიერთის განცხადებით, მისიამ მშვიდობა ვერ უზრუნველყო და მეტიც, ორ თემს შორის დაპირისპირება გააღვივა.

ამჯერად, დაპირისპირება ნანდესა და კუმუს დასახლებას შორის იმის გამო დაიწყო, რომ ორი მოტო-ტაქსის მძღოლი მოკლეს. ორივე ეთნიკური ჯგუფი ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებს. 

ჩრდილოთ კივუს პროვინციის გუბერნატორმა, კარლი ნზანზუ კასივიტამ აქციების გამართვა ორშაბათიდან აკრძალა და მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდა. 

"დღეიდან, ჩვენ აღარ გვსურს საპროტესტო აქციები ქალაქ გომაში, რადგან ბევრი ადამიანი უკვე შეიარაღდა", - განაცხადა ნზანზუმ.

ცნობისთვის, კონგოში სიტუაცია წლის დასაწყისში გამწვავდა. არეულობას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაეროს სამშვიდობოებს უჭირთ, მინერალებით მდიდარ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება.