კორონავირუსის შემთხვევა ავსტრიაში, ხორვატიაში და ომანში გამოვლინდა

ავსტრიაში, ტიროლში, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი 2 შემთხვევა გამოვლინდა. ორივე პაციენტი ინსბრუკის კლინიკაში იმყოფება, ერთი მათგანი ლომბარდიიდანაა.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევა გამოვლინდა ხორვატიაშიც. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა. დაინფიცირებული მკურნალობის კურსს ზაგრების კლინიკაში გადის და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხორვატიის ჯანდაცვის სამინისტროში, კრიზისულ საკითხებთან დაკავშირებით შტაბის შეკრებაზე გადაწყვიტეს, რომ ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩასული ყველა პირი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, თვითიზოლაციაში იქნება მოთავსებული. ასეთი ამ დროისთვის 7 ადამიანია. ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გასცა იტალიაში - ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში - მოგზაურობისგან თავშეკავების რეკომენდაცია. განათლების სამინისტრომ ერთი თვით აკრძალა მოსწავლეების, სტუდენტებისა და მეცნიერების იტალიაში მოგზაურობა.

შენგენის ქვეყნები, კორონავირუსთან დაკავშირებით, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავენ, თუმცა, ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა ინდივიდუალურად განსაზღვრავს ჯანდაცვის კონტროლისა და უსაფრთხოების ზომებს.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, COVID-19-თან დაკავშირებით, ჯერ არ გაუცია გადაადგილების შეზღუდვის რეკომენდაცია.  

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ომანში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ქალს, რომლებიც ომანში ირანიდან ჩავიდნენ. ამჟამად ისინი იზოლირებულნი არიან და შესაბამის მკურნალობას გადიან. ქვეყანამ ირანთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.