კურტ ვოლკერი რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუს შესახებ გაცხადება გაავრცელა.

ვოლკერი "ტვიტერში" წერს, რომ პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო, არამედ საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა.

შესწორებული ვერსია: პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. მართალია, ის გააბრაზა რიტორიკამ, თუმცა რუსეთის აგრესიას ჰქონდა თავისი მიზეზები“, – წერს ვოლკერი.

შეგახსენებთ, „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ "რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს მათ შორის იმის გამო დაიწყო, რომ იმ მომენტში რუსეთის მთავრობის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რიტორიკაზე ნერვიული რეაქცია ჰქონდა".

მოგვიანებით გამოცემამ ინტერვიუ ეს ნაწილი შეასწორა. რედაქციამ აღნიშნა, რომ ინტერვიუს ეს ფრაგმენტი კურტ ვოლკერის თხოვნით განავრცო, რათა მისი პოზიცია უფრო ზუსტად ასახოს.

ინტერვიუს ჩასწორებული ფრაგმენტი ასეთია: "ვთვლი, რომ სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა თავისი სახელმწიფოსთვის, გაატარა ბევრი რეფორმა, ის ეფექტიანად აშენებდა ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან. თუმცა, პუტინი უაღრესად ნერვიულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც კი. რა თქმა უნდა, რიტორიკა არ გამხდარა სწორედ ის მიზეზი, რატომაც პუტინი საქართველოს თავს დაესხა. მას სურდა მისი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. მართალია, რუსულ აგრესიას ჰქონდა თავისი მიზეზი, ის დამატებით გაამწვავა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკამ. ყოველივე ამან იმ პერიოდში ამან ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები შეუძლებელი გახადა".