ლიბიის სანაპიროსთან 100-ზე მეტი მიგრანტი ჩაიძირა

ლიბიის სანაპირო ზოლში მაშველები დაკარგული მიგრანტების ძებნას განაგრძობენ. დევნილებით დატვირთული რეზინის სამი გემი, რომელშიც სავარაუდოდ 130-მდე ადამიანი იჯდა, ძლიერი ღელვის შედეგად გადაბრუნდა. დევნილების გადასარჩენად არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის გემი გაგზავნეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე დაღუპულის ცხედარი და ნავის ნარჩენები იპოვეს. სამაშველო სამუშაოებს ღელვა ართულებს. ტალღების სიმაღლე 6 მეტრს აღწევს.

ლიბია დღეისათვის აფრიკელი მიგრანტებისთვის ევროპაში მოხვედრის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტს წარმოადგენს. სიღარიბესა და კონფლიქტებს გამოქცეული დევნილები განვითარებულ ქვეყნებში შეღწევას არალეგალურად, ზღვის გავლით ცდილობენ. ეს მოგზაურობა მათთვის ხშირად სიცოცხლის ზღვარზე გადის და ფატალურად მთავრდება.