დეპუტატებს შორის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ლიეტუვის სეიმმა მუშაობა, 3 დეკემბრამდე შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის სეიმის სპიკერმა ვიკტორია ჩმილიტე-ნილსენმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლებს შორის ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა ბევრ მათგანს იზოლაციაში გადასვლა მოუწია.
ამასთან, ლიეტუვის მოქმედი კანონმდებლობა სეიმის დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ვიკტორია ჩმილიტე-ნილსენის თქმით, დისტანციურად კენჭისყრის ლეგალიზებამდე პლენარული სხდომების დროს მხოლოდ აუცილებელი და გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტა მოხდება.
აღსანიშნავია, რომ სამშაბათს ლიეტუვის პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ინგრიდა შიმონიტეს.