მადაგასკარს მასშტაბური შიმშილი ელოდება

გაერო-ს მონაცემებით, მადაგასკარი მსოფლიოში პირველი შიმშილის ზღვარზეა, რაც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. ამის შესახებ BBC წერს.

გაერო-ს ცნობით, იმის გამო რომ 4 წელი აქ წვიმა არ მოდიოდა, ათასობით ადამიანი შიმშილობს და ადგილზე სასურსათო უსაფრთხოების სერიოზული ნაკლებობაა. ამ უკანასკნელს ყველაზე მაღალი, მეხუთე დონე აქვს მინიჭებული. ექსპერტები შიშობენ, რომ ვითარება, შესაძლოა, გაუარესდეს, რადგან ქვეყანაში ტრადიციული არამოსავლიანობის სეზონი იწყება.

"ეს უპრეცედენტოა. ამ ადამიანებს კლიმატის ცვლილების ხელშესაწყობად არაფერი გაუკეთებიათ. ისინი წიაღისეულ საწვავს არ წვავენ, მაგრამ ისინი კლიმატის ცვლილების სიმძიმეს განიცდიან", - განაცხადა გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა.

საკვების არარსებობის პირობებში ადამიანები გადარჩენისთვის კალიას და კაქტუსის ფოთლებს ჭამენ. სურსათის ფასი ოთხჯერ გაიზარდა და ადგილობრივები საკვების ფულისთვის თავიანთ მიწას ყიდიან.

"კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო კომისიის ბოლო ანგარიშში ჩვენ დავინახეთ, რომ მადაგასკარში გვალვა იზრდება. მოსალოდნელია, რომ ეს ციფრი გაიზრდება, თუ კლიმატის ცვლილება გაგრძელდება", - ამბობენ ექსპერტები.