მერკელი პარლამენტს პანდემიის კანონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პანდემიის მართვისა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ვირუსის "ექსტრემალური შეჩერების" შესახებ საყოველთაო კანონის მიღება. ინფორმაციას  Washington Post ავრცელებს. 

"მესამე ტალღის შესაჩერებლად ჩვენ ადრინდელზე უკეთ უნდა გავაერთიანოთ ფედერალური, შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ძალები", - განაცხადა მერკელმა.

პანდემიის შესახებ კანონის მიღება საკმაოდ რთული იქნება მერკელისთვის, რადგან შტატების ხელისუფლებას ფედერალური ხელისუფლებისთვის ჯანდაცვის საკითხებში უფლებამოსილების გადაცემა არ სურთ. საკითხის გატანა რთული იქნება არა მხოლოდ ქვედა პალატაში, არამედ პარლამენტი ზედა პალატაშიც.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში 24 საათში კორონავირუსის 25 831 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 247 ადამიანი.

ეგრეთ წოდებული "ექსტრემალური შეჩერების" კანონი ამოქმედდება იმ ადგილებში, სადაცა 100 000 სულ მოსახლეზე დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდება. მსგავსი სისტემის ამოქმედება ფედერალური ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ წესების ერთიან სისტემას მოითხოვს, როდესაც სკოლების, მაღაზიების, სპორტული ობიექტების დახურვა და კომენდანტის საათის გამოცხადება ყველგან ერთნაირად მოხდება.

გერმანიაში იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილებებს ყველა შტატი ინდივიდუალურად იღებს. ერთნაირი ეპიდემიოლოგიური ვითარების შემთხვევებში რეგულაციები სხვა და სხვა შტატში შეიძლება განსხვავებული იყოს. მერკელის ინიციატივა მიზნად ისახავს პანდემიასთან ბრძოლის ერთიანი სისტემის შექმნას, რაც ქვეყნის 16 შტატს ერთნაირ ვითარებაზე რეაგირების ერთნაირ შესაძლებლობას მისცემს.

კანონპროექტს გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ კენჭი მომდევნო კვირაში უნდა უყაროს, რის შემდეგაც ის ზედა პალატაში გადაინაცვლებს.