მეცნიერებმა დაასახელეს დაავადებები, რომელიც კორონავირუსის მიმდინარეობას ამძიმებს

გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული მძიმე დაავადებები კორონავირუსით გარდაცვალების რისკს სულ მცირე 4-ჯერ ზრდის. ამის შესახებ ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევასა და კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც ჟურნალში JAMA Cardiology გამოქვეყნდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა ვუჰანში ყოველ მე-5 პაციენტს ჰქონდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული მძიმე დაავადებები მსოფლიოში გარდაცვალების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად რჩება. ყოველ წელს ასეთი დაავადებისგან 17 მილიონამდე ადამიანი კვდება.