მიანმარი იაპონელ ჟურნალისტს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

მიანმარის ხუნტა იაპონელ ჟურნალისტს იუკი კიტაძუმის ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. აპრილში დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი დღეს წაუყენეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კიტაძუმი, რომელიც სამხედროებმა 19 აპრილს დააკავეს, მიანმარის სამხედრო რეჟიმის პირველი უცხოელი ტყვე ჟურნალისტია. მას ბრალად ისეთი ინფორმაციის გავრცელება ედება, რომელმაც მოსახლეობაში შეიძლება შიში გამოიწვიოს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიანმარის სამხედრო ხელისუფლება უფრო დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

კიტაძუმი მიანმარში მედიაკომპანია Yangon Media Professionals-ის ყოველდღიურ გაზეთ Nikkei-ს ჟურნალისტი იყო. თავდაპირველად ის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გაშუქების გამო თებერვალში დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

იაპონიის მთავრობა მიანმარს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.