მიანმარში საპროტესტო აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს

მიანმარის ქალაქ მანდალაიში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Frontier Myanmar ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომიტინგეთა დასაშლელად სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. ხელისუფლება აქციის მონაწილეებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციის დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც 5 ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს.

შეგახსენებთ, მიანმარის ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოდიან. მიანმარში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლება სამხედროებმა აიღეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.