"მითხარი რომ არ გავსულიყავი, ჩემი ბრალია", - ინდოეთში სასაფლაოები გადაივსო

ინდოეთის დედაქალაქ დელიში სასაფლაოებზე ადგილები აღარ დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

შემზარავი სანახავია სურათზე ასახული ახალგაზრდა კაცი, რომლის მამაც კორონავირუსით გარდაიცვალა, მას კი მისი დასაფლავებაც არ შეეძლო. 

"შენ მეუბნეოდი, რომ გარეთ არ გავსულიყავი, მაგრამ არ დაგიჯერე. ყველაფერი ჩემი ბრალია", - დასტირის მამაკაცი გარდაცვლილ მშობელს. ამის შემდეგ კი მამა ქალაქის მახლობლად, ნაჩქარევად გათხრილ საფლავში ჩააწვინა. 

დელიში, ქალაქის მთავარ მუსულმანურ სასაფლაოზე სივრცეები იწურება. ქალაქმა კორონავირუსის ახალი შემთხვევებით მუმბაისაც გადაასწრო. 

ზოგადად, ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში 200,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალია მსოფლიოში.