მიწისძვრის შედეგად ჩინეთში 150 ტონა ალკოჰოლი დაიღვარა

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინცია სიჩუანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად კონტეინერებიდან 150 ტონაზე მეტმა ძლიერმა ალკოჰოლმა გაჟონა. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post წერს.

სეისმური აქტივობის გამო ჩინური არყის 170-ზე მეტი დიდი კერამიკული კონტეინერი გაიბზარა.

"როგორც კი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, ჩვენ ადგილზე სასწრაფოდ გამოვგზავნეთ სპეციალისტები და მაშველები. ჩვენ მივიღეთ ზომები ალკოჰოლის გასაზავებლად. ამრიგად, მისი აალების საშიშროება აღმოიფხვრა", - განაცხადა ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლი ჰუაგიმ.

გადარჩენილი კონტეინერები, ალკოჰოლთან ერთად, უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.