მსოფლიოში COVID-19-ით 10 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიო COVID-19-ის პანდემიამ მოიცვა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, 7 თვის განმავლობაში 501,419 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 10,087,553-ს აღწევს. დაავადებისგან განიკურნა ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარი ნაწილი, კერძოდ 5,466,242 პირი.

კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს. აშშ-ში ინფექცია 2,596,770 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 128,152 დაავადებას ემსხვერპლა.

ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბრაზილია. აქ შემთხვევების რაოდენობა 1,315,941-ს აღწევს, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 57,103 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთში კორონავირუსით 627,646 პირია ინფიცირებული. ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 8,969-ს შეადგენს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა ინდოეთში. დაავადებულია 529,577 ადამიანი, ხოლო 16,103 პაციენტი დაიღუპა.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მე-5 ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. ინფექციამ 310,250 ადამიანი მოიცვა, ხოლო 43,514 იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, კერძოდ, ინფიცირების პირველი შემთვევები ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დადასტურდა. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირვველი შემთხვევები ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად დაფიქსირდა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ხალხმრავალ ადგილს წარმოადგენს. ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. თუმცა, მკვლევარების აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მთავრობა ამჟღავნებდა და დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. მანამდე, თებერვლის დასაწყისში კორონავირუსმა ევროპა და ამერიკა მოიცვა.