მსოფლიოში, გასულ კვირას, კორონავირუსით სიკვდილიანობა 21%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19–ის შემთხვევები 8%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობა - 21%–ით. 

ჯანმო-ს მონაცემებით, მხოლოდ ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების 3,8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 69 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (დაიღუპა 21 ათასზე მეტი ადამიანი, 30%-ით მეტი, ვიდრე გასულ კვირას), ასევე ამერიკაში (28 ათასზე მეტი შემთხვევა, 29%-ით მეტი, ვიდრე გასულ კვირას).

კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში (500,332), ბრაზილიაში (324,334), ინდონეზიაში (289,029), გაერთიანებულ სამეფოში (282,920) და ინდოეთში (265,836).