მსუბუქი თვითმფრინავის კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში, მსუბუქმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ტრაგედია შტატის ჩრდილოეთით, ლოკჰართ-რივერის ასაფრენი ზოლიდან ახლოს მოხდა. მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები ქუინტელის სანაპირო ზოლში ნახეს. პოლიციის განცხადებით, საგანგებო სამსახურმა ორძრავიანი თვითმფრინავის Cessna 404-ის სამძებრო ოპერაციასთან დაკავშირებით გამოძახება დილით მიიღო. სამძებრო ოპერაციაში 2 ვერტმფრენი მონაწილეობდა. თვითმფრინავი ჩარტერულ კომპანია Aerohire-ს ეკუთვნოდა.

პატარა ქალაი ლოკჰართ-რივერი, ქეიფ იორკის ნახევარკუნძულზე, ქალაქ კერნსიდან 800 კილომეტრში მდებარეობს. რეგიონში ამ დღეებში ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმებია, რომელიც, სინოპტიკოსების ცნობით, მარჯნის ზღვაში, სავარაუდოდ, ციკლონად გადაიქცევა.