მწყურვალე კოალას რეაქციამ ველოსიპედისტები გააოცა

სამხრეთ ავსტრალიაში, ანა ჰუსლერი და მისი მეგობრები ადელაიდის გორაკებისაკენ ველოსიპედით მოძრაობდნენ, როდესაც, მოულოდნელად, შუა გზაზე მჯდარი კოალა შეამჩნიეს. ანამ შეამჩნია, რომ კოალა საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა და მას წყლის მისაწოდებლად მიუახლოვდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც  ანას გზაზე კოალა გადაეყარა, თუმცა ამჯერად მისმა რეაქციამ ანა გააოცა. 

"როდესაც წყლის ბოთლი გავხსენი, ის ჩემს ველოსიპედზე ამოცოცდა. ასეთი სწრაფად მოძრავი კოალა არასდროს მინახავს. ისინი არ არიან ცხოველები, რომლებიც ადამიანებთან მეგობრობენ. წესით, ჩვენ მათ შორიდან უნდა ვუმზერდეთ" -, წერს ანა. 

კოალამ ანას და მისი პარტნიორის ბოთლები მთლიანად გამოცალა. შემდეგ კი ის გზიდან, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 



გასულ კვირას ავსტრალიას სიცხის ახალმა ტალღამ დაარტყა. ტემპერატურა საშუალოდ 42 გრადუსი ცელსიუსია. ვიქტორიას შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით უამრავ რეგიონში  ევაკუაცია მიმდინარეობს.