NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები საგანგებო ვიდეოკონფერენციას გამართავენ

NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ოთხშაბათს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე შეხვედრას გამართავენ, რომელსაც ბრიუსელში ვიზიტით მყოფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პირადად დაესწრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.

"14 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი NATO-ს შტაბ-ბინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდება. ასევე ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა NATO-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი დაესწრებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრის დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მანამდე სააგენტო Reuters–მა გაავრცელა ინფორმაცია შეხვედრის ძირითადი თემები ავღანეთსა და უკრაინაში შექმნილი ვითარება იქნება.