ნიგერიაში 330-ზე მეტი მოსწავლე კვლავ ტყვეობაში რჩება

ნიგერიაში გატაცებული ბავშვები ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. ამის შესახებ კაცინას შტატის გუბერნატორმა განაცხადა.

ტელეარხ CNBC Africa-ის ინფორმაციით, ამინუ მასარიმ დაადასტურა, რომ სამთავრობო სკოლის 839 მოსწავლიდან 333-ის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

შტატში გატაცებული ბავშვების მშობლები საპროტესტო აციებს მართავენ და შვილების დაბრუნებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბრის ღამეს რადიკალი ისლამისტები სკოლა-ინტერნატს დაესხნენ თავს. თავდასხმის შემდეგ, 333 მოსწავლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დანარჩენმა ბავშვებმა ახლომახლო ტყეში დამალვა მოახერხეს, შემდეგ კი სკოლაში და ნათესავებთან დაბრუნდნენ.

ნიგერიაში "ბოკო ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20 000 ადამიანი გახდა. "ბოკო ჰარამის" დაჯგუფება ძირითადად ნიგერიაში მოქმედებს, თუმცა, დროდადრო, თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებშიც, ნიგერსა და კამერუნშიც ახორციელებს.