ნიგერიაში ქოლერა მძვინვარებს

ნიგერიის სხვადასხვა რეგიონში ქოლერის აფეთქებების შედეგად წელს 816 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო Xinhua ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქოლერის აფეთქებები ნიგერიის 36 შტატიდან 22-ში დაფიქსირდა. ჯამში საუბარია 31 425 სავარაუდო შემთხვევაზე.

"ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად დაავადების სავარაუდო შემთხვევების რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება. ეპიდემია ეროვნულ კრიზისად იქცა", - აღნიშნავს სააგენტო.

ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სუფთა წყლის წყაროები გამოიყენოს.

დაზარალებულ რეგიონებში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ბრიგადები გაგზავნა და ქოლერის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.