პანდემია 2026 წლისთვის დასრულდება - SAGE-ის პროგნოზი

ბრიტანელმა მეცნიერებმა პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელეს. საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო ჯგუფი (SAGE) პროგნოზირებს, რომ COVID-19 2026 წლამდე არ დასრულდება. 

SAGE-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხუთი წლის შემდეგ ვირუსი კვლავ იარსებებს, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას აღარ გამოიწვევს.

"COVID-19-ის პროგნოზირებად ენდემურ მდგომარეობამდე დამკვიდრებას მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება. ენდემურობისკენ მიმავალი გზა კრიტიკულად იქნება დამოკიდებული იმუნიტეტის ხანგრძლივობასა და ვაქცინაციის გაძლიერებისკენ მიმართულ პოლიტიკაზე", - ვკითხულობთ ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო ჯგუფის ანგარიშში.

ამასთან, ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი და ვირუსის გლობალური შეკავების ღონისძიებები საკმარისად ეფექტური არ იქნება, შესაძლოა აღნიშნული დრო კიდევ უფრო გაიზარდოს.