პარიზის მუზეუმმა ტრამპის ცვილის ფიგურა ბაიდენის ინაუგურაციამდე საწყობში გაგზავნა

პარიზში გრევინის მუზეუმმა, სადაც განთავსებულია ისტორიულ მოღვაწეთა, ცნობილი სახეებისა და პოლიტიკოსების ცვილის ფიგურების უდიდესი კოლექცია, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიგურა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე საწყობში გაგზავნა.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ცვილის ფიგურა მანამდე საფრანგეთის ლიდერის, ემანუელ მაკრონის ფიგურის მოპირდაპირედ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის გვერდით იდგა.

ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მოქანდაკემ ჯო ბაიდენის ფიგურის შექმნა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ფიგურის გაკეთებას, სულ მცირე, კიდევ ორი თვე დასჭირდება.

მუზეუმის სახელოსნოს თანამშრომლებმა აღიარეს, რომ ტრამპის ფიგურა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური იყო, რადგან მისი აღდგენა ყოველკვირეულად ხდებოდა იმის გამო, რომ ხალხის უმრავლესობას მასთან სურათის გადაღება სურდა.