პეკინში COVID-19-ის გამო სპორტული ღონისძიებები ისევ გაუქმდა

13 ივნისიდან, პეკინში დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები კვლავ გაუქმდა, რადგან ქალაქში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება ქალაქის სპორტული ღონისძიებების ცენტრმა გაავრცელა. 

მაისის ბოლოს, ჩინეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მთავარმა ადმინისტრაციამ COVID-19 პანდემიის გამო შეჩერებული სპორტული შეჯიბრებების ნაწილობრივ განახლების ნებართვა გასცა, მაგრამ ეს არ ეხებოდა საერთაშორისო შეჯიბრებებს, ეროვნულ მარათონებს, კონკურსებსა და ღონისძიებებს. 

"დღეიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარების ცვლილების გამო, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, მასობრივი შეკრებებისა და ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, პეკინში დაგეგმილი ყველანაირი სპორტული შეჯიბრი შეჩერებულია",-აღნიშნულია განცხადებაში. 

შეჯიბრებების ჩატარების განახლებული თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.