Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელების პორტრეტები, შესაძლოა, ევრო ბანკნოტებზე განთავსდეს

გერმანული კომპანია BioNTech-ის გენერალური დირექტორის, უღურ შაჰინისა და მისი მეუღლის, სამედიცინო კვლევების დირექტორის, ოზლემ თურეჯის პორტრეტები, შესაძლოა, ევროკავშირის ვალუტების ბანკნოტებზე განთავსდეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას NTV ავრცელებს.

ამით ევროპარლამენტის ერთ-ერთ წევრს სურს, აღნიშნოს წყვილის წვლილი COVID-19-თან ბრძოლაში.

"ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროს ბანკნოტების დიზაინის შეცვლის პროცესი დაიწყო. ევროპარლამენტარი, მორიც კერნერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ერთ-ერთ ბანკნოტზე ოზლემ თურეჯის და უღურ შაჰინისა გამოსახულებები იყოს", - იტყობინება ტელეარხი.

გერმანული გაზეთ Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ კომენტარში კერნერმა აღნიშნა, რომ შაჰინისა და თურეჯის მუშაობამ, რომლებმაც Biontech-ის ვაქცინა შექმნეს, მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა, ამიტომ მათი გამოსახულებები ევრო ბანკნოტებზე უნდა განთავსდეს.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დეკემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ 500 ევროს გარდა ყველა ბანკნოტის გამოსახულება 2024 წელს შეიცვლება.