პლასიდო დომინგო ქალების შეურაცხყოფისთვის ბოდიშს იხდის

ოპერის მსოფლიო ვარსკვლავმა, ცნობილმა ტენორმა, პლასიდო დომინგომ, სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებით, რასაც, საბოლოოდ მისი ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვება მოჰყვა, ბოდიში მოიხადა.

„მე გარკვეული დრო დამჭირდა რომ დავფიქრებულიყავი ჩემს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე. ვაფასებ იმას, რომ ამ ქალბატონებმა შეძლეს და თქვეს თავიანთი სათქმელი. მე მინდა მათ იცოდნენ, რომ გულწრფელად ვწუხვარ ყველა იმ წყენისა და შეურაცხყოფის გამო, რაც მათ მივაყენე. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ყველა ჩემს საქციელზე“, - განუცხადა დომინგომ The Times-ს.

ცნობილი ტენორის ეს განცხადება მას შემდეგ დაიბეჭდა, რაც Associated Press-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მუსიკოსების ამერიკული გილდია, რომელიც ოპერის მომღერლებს წარმოადგენს, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალების გამოქვეყნებას აპირებდა. საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიკითხა, რომელთაც თქვეს, რომ ისინი შევიწროების ან მსხვერპლი, ან მომღერლის მხრიდან არასათანადო საქციელის მოწმე იყვნენ.

ლეგენდარული ტენორი სექსუალურ შევიწროებასა და არასათანადო საქციელში გასულ წელს არაერთმა ქალმა დაადანაშაულა. ისინი აცხადებდნენ, რომ მომღერალი მათ 1980-იანი წლებიდან ავიწროებდა.

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ესპანელმა ტენორმა ჯერ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, შემდეგ კი, ლოს-ანჯელესის საოპერო თეატრის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და არა ერთი კონცერტი გააუქმა.

50-წლიანი კარიერის განმავლობაში, დომინგომ 150 წამყვანი საოპერო პარტია შეასრულა და სულ მცირე, 21-ჯერ გახსნა სეზონი მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე.