პოლიტიკოსის მკვლელ ნეონაცისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიის ფრანკფურტის სასამართლომ კასელის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალტერ ლუბკეს მკვლელს, ნეონაცისტ შტეფან ერნსტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელს დანაშაულის განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენა ედება ბრალად, რაც 15 წლის შემდეგ მისი გათავისუფლების შესაძლებლობას გამორიცხავს.

შტეფან ერნსტის თანამონაწილეს, იარაღის შენახვის ბრალდებით, წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება მას მოეხსნა.

ვალტერ ლუბკე 2019 წლის 1 ივნისს მოკლეს. 65 წლის პოლიტიკოსს საკუთარი სახლის ტერასაზე, ახლო მანძილიდან თავში ესროლეს. მკვლელობამ, რომლის მოტივი ნეონაციზმი იყო, მთელი გერმანია შეაძრწუნა.