პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახს ომი გამოუცხადა - Times

ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლე მეგან მარკლმა სამეფო ოჯახს  "ომი გამოუცხადეს", როდესაც ამერიკელ ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დასთანხმდნენ. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის წყაროებმა გამოცემა The Sunday Times-ს განუცხადეს.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სასახლე და სამეფო ოჯახის წევრები ინტერვიუს "ღირსეული სიჩუმით" შეხვდებიან და მასზე კომენტარს არ გააკეთებენ. თუმცა, სამეფო ოჯახის საპასუხო რეაქცია მეტწილად ინტერვიუს შინაარსსა და ბრალდებებზე იქნება დამოკიდებული.

”პასუხი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, იქნება თუ არა კრიტიკა სამეფო ოჯახის ან კონკრეტული წევრების მიმართ”, - განუცხადა წყარომ The Sunday Times-ს.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ დღეს საღამოს ამერიკულ სატელევიზიო არხ CBS-ზე, ლონდონის დროით 01:00 საათზე გავა.

ბუკინგემის სასახლეში გამოცემას ასევე განუცხადეს, რომ დედოფალი ელისაბედ II ინტერვიუს ყურებას არ აპირებს. მაგრამ, ინტერვიუს შინაარსს დედოფალს მისი თანაშემწეები მეორე დილით, საუზმეზე, გააცნობენ.