ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყირგიზეთში  ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდება. ამის შესახებ განცხადებას ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ერთ-ერთი კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს დააგროვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება. 

წინასწარი გამოკითხვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სადირ ჟაპაროვი ლიდერობს.

რაც შეეხება რეფერენდუმს, მისი მეშვეობით გადაწყდება დაბრუნდება თუ არა ყირგიზეთში მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა. მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა სულ მცირე 30%-მა უნდა მიიღოს. რეფერენდუმის შედეგები 35 დღის განმავლობაში უნდა შეჯამდეს.