ყველასთვის ხელმისაწვდომი პრეპარატი COVID-19-ის მკურნალობისას ეფექტური აღმოჩნდა

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრეპარატი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.

საუბარია პრეპარატ დექსამეტაზონზე. მეცნიერების თქმით, მისი გამოყენების შედეგად ინფიცირებულთა სიკვდილიანობა, რომლებიც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყვნენ მიერთებულნი, ერთი მესამედით შემცირდა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ უფრო ადრე რომ ჰქონოდათ, ქვეყანაში 5 ათასი ადამიანის გადარჩენა მოხერხდებოდა.

ამასთან, მისი დაბალი ფასის გამო ის დიდ შვებას ღარიბ ქვეყნებს მოუტანს, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი დიდია.

პრეპარატი დექსამეტაზონი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების სინთეტიკურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც არ გააჩნია მინერალკორტიკოიდური ეფექტი. პრეპარატი ახდენს ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, გააჩნია იმუნოდეპრესიული აქტივობა.