რელიგიურ რიტუალზე დასწრებულ 1000-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინდოეთში გამართულ მასშტაბურ რელიგიურ ფესტივალ Kumbh Mela-ზე დასწრებულ 1000-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკრება უკვე შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ვირუსის გამავრცელებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

ინდოეთს პანდემიის ახალი ტალღა უტევს, რასაც ექსპერტები სწორედ რელიგიურ რიტუალებსა და პოლიტიკურ დემონსტრაციებს უკავშირებენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პარასკევს ინდოეთმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დააფიქსირა. ქვეყანაში მხოლოდ 24 საათში, 217 353 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა ქვეყანაში 1,185-ით გაიზარდა და ჯამში 174,308-ს მიაღწია.  საერთო შემთხვევების რაოდენობამ თითქმის 14,3 მილიონს მიაღწია.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ინდუისტური ფესტივალი Kumbh Mela მაინც ჩატარდა, რომელშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა იმისთვის, რომ წმინდა რიტუალი შეესრულებინათ და მდინარე განგში შესვლით "ცოდვებისგან განწმენდილიყვნენ".