რუსეთის წინააღმდეგ აშშ ახალ სანქციებს ამზადებს

ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. 

ტელეკომპანია CNN-ის ეთერში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციებს მაშინ აამოქმედებს, როცა ჩათვლის, რომ ამით სასურველ მიზნებს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან 4 დღე გავიდა. ჟენევის სამიტის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ თუ აშშ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს, ეს ურთიერთობების ნორმალიზების კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება.