რუსეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, მოსკოვში სულ 70 ვაქცინაციის ცენტრია მოწყობილი, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობენ.  

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდებათ, კერძოდ განათლების სფეროს, ჯანდაცვის სფეროსა და ქალაქის სოციალური სამსახურების თანამშრომლებს.

კორონავირუსზე ვაქცინაცია 18-დან 60 წლამდე პირებს შეეძლებათ. რუსეთში COVID-19-ის წინააღმდეგ ადგილობრივი წარმოების "სპუტნიკ-V" ვაქცინას იყენებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთს ვაქცინის ორ მილიონზე მეტი დოზა აქვს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მომავალი კვირის ბოლოდან ვაქცინაცია რუსეთის ყველა რეგიონში იქნება შესაძლებელი.