საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 415 481-ს აღწევს.

ბოლოს საფრანგეთში ერთ დღეში რეკორდულად მაღალი, 10 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 12 სექტემბერს გამოვლინდა.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, შესაძლოა ტესტირების ზრდას უკავშირდებოდეს, რაგდან მთავრობის ინიციატივით საფრანგეთში COVID-19-ის ტესტის გაკეთება უფასოდ არის შესაძლებელი, რის გამოც ტესტებზე მოთხოვნა გაზრდილია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსს 50 ადამიანი ემსხვერპლა. 

ჯამში, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 31 095 ადამიანი გარდაიცვალა.