საფრანგეთში COVID-19-ზე ვაქცინაცია 1 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ერთმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა გამოაქვეყნა.

კორონავირუსზე ვაქცინაციის კამპანია საფრანგეთში 27 დეკემბერს დაიწყო.

ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ მოხუცებულთა სახლში მაცხოვრებლებს და სამედიცინო მუშაკებს. ამ ეტაპზე 75 წელს გადაცილებული მაცხოვრებლებისა და მძიმე დაავადებების მქონე პირების აცრა მიმდინარეობს.

საფრანგეთის ხელისუფლება თებერვლის ბოლომდე 2,5 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს.